ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 10

არაბთა ლიგის პოზიცია სირიის მიმართ და მისი უმოქმედება

ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 10

 

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციები გლობალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი აქტორები გახდნენ. არაბთა ლიგა, რომელიც არაბულ ქვეყნებთან დაკავშირებული პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 1945 წელს შეიქმნა, სამწუხაროდ მეტად უნიათო გაერთიანება გახდა და ამ პროცესში დაკარგა რეპუტაცია არაბულ საზოგადოებაში. არაბული ლიგის წარუმატებლობა მხოლოდ რეგიონულ პრობლემებთან მიმართებაში არ აისახება, იგი ასევე ვერ ახერხებს ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის განვითარებასაც, რამაც საბოლოო ჯამში უკვე გამოიწვია მისი არსებობის კრიტიკა და ახლა მისი გაუქმების შესახებ კამათებიც დაიწყო. ამ თემაზე გთავაზობთ თურქი პოლიტოლოგის, დოცენტ დოქტორის, ისმაილ ნუმან ტელჯის მიერ ანადოლუს საინფორმაციო სააგენტოში გავრცელებულ ანალიზს.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ არაბულმა ლიგამ ვერ შეძლო ისეთი საერთო სტრუქტურის აშენება, რომელიც ხელს შეუწყობდა ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაციის პოლიტიკისათვის წინააღმდეგობის გაწევას, ხოლო გასულ წელს მანვე დუმილი აირჩია სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს შორის წარმოქმნილ კრიზისის მიმართაც, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა და გააფართოვა ეს კრიზისი. კიდევ ერთი საკითხი, რომელის მოგვარებაშიც ხსენებული ორგანიზაცია დღემდე პოზიციას არ აფიქსირებს, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომია, რასაც უკვე ასობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მილიონობით ადამიანმა კი სხვა ქვეყნებს შეაფარა თავი, ე.ი.

 

არაბულმა ლიგამ ამ საკითხშიც ვერ გამოიჩინა ფხა და ფაქტიურად  დისფუნქციურ სტრუქტურად გადაიქცა.

აი ასეთ ვითარებაში ანკარისათვის მეტად მოულოდნელი იყო არაბთა ლიგის გენერალური მდივნის, აჰმედ ებუ ელ-გეიტის გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც თურქეთი გააკრიტიკა სირიის აფრინის რეგიონში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციის გამო და მას ანკარის მხრიდან არაბულ სახელმწიფოში შეჭრა უწოდა, რითაც ფაქტიურად პან არაბისტული პოზიცია დააფიქსირა. მას პასუხი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ გასცა და უადგილო და უსამართლო უწოდა გეიტის ბრალდებებს. “არაბთა ლიგა ყოველგვარი რეაგირების გარეშე სტოვებს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას, ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას, მილიონობით სირიელის მიგრაციაში წასვლას, სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფებების აღვირახსნილობაზე, ხმას არ იღებს ამერიკის და სხვა დასავლური ქვეყნების თვითნებობებზე და კმაყოფილდება მხოლოდ თურქეთის ოპერაციის კრიტიკით, რადგან არ იცის ამ ოპერაციის მიზანი და გეგმები, რომ სცოდნოდა თუ როგორ ესხმიან ტერორისტები სირიის მოსაზღვრე თურქეთის ქალაქებს და სოფლებს, რასაც მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება, ალბათ არ გაგვაკრიტიკებდა“, აღნიშნა ჩავუშოღლუმ

თურქი დიპლომატის ამ გამონათქვამის გამართლებისათვის და არაბთა ლიგის უმოქმედო სტრუქტურად გადაქცევის მტკიცებისათვის ახლა ისტორიულ ექსკურსს და ანალიზს გავაკეთებთ

 

 

 

 

არაბული ლიგა, რომელიც შეიქმნა 1945 წელს ეგვიპტის, ერაყის, სირიის, ლიბანის, საუდის არაბეთისა და იორდანიის მიერ, არაბულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და რეგიონალური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებდა რა, მომდევნო წლებში ახალი წევრებით შეივსო და დღეს 22 ქვეყნის წევრობით რეგიონალური ორგანიზაცია გახდა. მიუხედავად იმისა, რომ არაბულმა ლიგამ ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით თუნდაც შეზღუდული, მაგრამ, თანამშრომლობა მაინც უზრუნველყო, სამაგიეროდ მან ვერ მიაღწია პოლიტიკურ სფეროში დასახული მიზნებს, რის ნათელი დასტურია თუნდაც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დღემდე მოუგვარებლობა.

შექმნის დღიდან დაწყებული ეს ორგანიზაცია მართალია სიტყვით გმობს და აკრიტიკებს ისრაელის მიერ პალესტინური მიწების ოკუპაციას და საერთოდ ტელ ავივის ქმედებებს, მაგრამ, დღემდე მის წინააღმდეგ რაიმე სანქცია არც მიუღია და არც განუხორციელებია, რადგან, არაბული ლიგის თვითოეული წევრი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს და აქედან გამომდინარე ლიგას, ისრაელის წინააღმდეგ  რაიმე ეფექტური ამკრძალავი თუ გადამარწმუნებელი საერთო პოლიტიკის შემუშავება გაუჭირდა. ეს სიტუაცია დაფიქსირდა 1948 წელს ისრაელის წინააღმდეგ დაწყებულ ბოიკოტის მოძრაობაშიც, რადგან, ისრაელის წინააღმდეგ არაბული ლიგის ბოიკოტის გადაწყვეტილება წლების განმავლობაში მრავალი წევრის მიერ არ იქნა მიღებული. უფრო მეტიც, თვით პალესტინამაც კი 1993 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით ხსენებული ბოიკოტის მოძრაობა დაასრულა, ხოლო 1996 წელს კი საერთოდ არაბულმა ლიგამ მთლიანად გააუქმა ეს ბოიკოტი

ამ ორგანიზაციის უუნარობა და უმოქმედობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა 2010 წლის შემდეგ ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში დაწყებული ე.წ. არაბული გაზაფხულის დროს, როცა ეს აჯანყებები ფაქტიურად სამოქალაქო ომებში გადაიზარდა და დღესაც კი სირიაში, იემენში და ლიბიაში გრძელდება რა ეს ძმათამკვლელური კონფლიქტები, მისი მოგვარებისთვის არაბული ლიგა ხელსაც კი არ ანძრევს. იგივე ითქმის კატარსა და სხვა არაბულ ქვეყნებს შორის წარმოქმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე, რადგან, არაბული ლიგა ამ საქმეშიც მხოლოდ შორიდან მაყურებლის როლში გვევლინება და არ ერევა მის მოგვარებაში

საბოლოო ჯამში, არაბული კავშირი როგორც ხედავთ დღევანდელ პოლიტიკურ კონიუნქტურში არის მეტად დისფუნქციური ორგანიზაცია. იმ დროს, როდესაც გლობალურ გაგებაში დემოკრატიზაცია ფართოდაა გავრცელებული, ხოლო ხსენებულ ორგანიზაციის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში ავტორიტეტული რეჟიმები ბატონობენ, ასეთი უფუნქციო ორგანიზაციის ლეგიტიმაცია სერიოზული კითხვის ნიშნებს ბადებს, წერს თურქი პოლიტოლოგი, დოცენტი დოქტორი ისმაილ ნუმან ტელჯი ანადოლუს საინფორმაციო სააგენტოში გავრცელებულ ანალიზში



მსგავსი ინფორმაციები